2020 წლის თებერვალში, როდესაც მსოფლიო კოვიდ პანდემიის პირისპირ აღმოჩნდა, მეიჯერელ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თანამშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა იქცა. სწორედ ამ დროს, კომპანიაში პანდემიის გუნდი ჩამოყალიბდა, რომლის მისიისა და საქმიანობის შესახებაც რეგიონალური პანდემიის მენეჯერს — ქეთი ცინცაძეს ვესაუბრეთ.

გვიამბე, როდის და რა მიზნით შეიქმნა პანდემიის გუნდი?

პანდემიის გუნდი 2020 წლის თებერვალში, კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე შეიქმნა. იმ დროისათვის კომპანიაში უკვე 1500-ზე მეტი თანამშრომელი იყო დასაქმებული და ახალი კადრების ძიების ტემპიც საკმაოდ მზარდი გვქონდა, ამიტომ, კოვიდის კუთხით სიტუაციის დროული გაკონტროლება და მართვა აუცილებელი გახდა. სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი გახდა კოვიდის კუთხით თანამშრომლებზე ზრუნვასა და მათთვის ოფისებში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს პანდემიის გუნდს?

პანდემიის გუნდის ძირითადი ფუნქციები გუნდის ფორმირების დღიდან შემდეგია:

  • სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით, ოფისებში კოვიდ უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, მათი იმპლემენტაცია და გაკონტროლება;
  • კოვიდ ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომლების სრულად და ამომწურავად ინფორმირება კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • კოვიდის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტების მომზადება შემუშავება, ეიჩარ დეპარტამენტთან შეთანხმება და იმპლემეტაცია;
  • კოვიდდადასტურებულ თანამშრომლებთან კონტაქტი, მათი აღრიცხვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი;
  • კოვიდ სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი როგორც ლოკალური, ისე რეგიონალური თუ გლობალური გუნდის წარმომადგენლებთან.

პანდემიის გუნდის წევრების შესახებაც გვიამბე — ვინ არიან ისინი?

თავიდან მცირე შემადგენლობით დავიწყეთ — სულ სამნი ვიყავით, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე ჯგუფი გაიზარდა და ამ ეტაპისათვის უკვე 8 წევრისგან შედგება. თითოეულ ოფისს ჰყავს როგორც ადგილობრივი პანდემიის მენეჯერი, ისე მისი შემცვლელი, ლოკალურ დონეზე პანდემიის მართვაზე ორივე თანაბრადაა პასუხისმგებელი. ამის საჭიროება არაერთხელ დავინახეთ, განსაკუთრებით მეოთხე ტალღის დროს, როდესაც კოვიდის დადასტურებული შემთხვევების მაქსიმუმი დაგვიფიქსირდა — ამ წლის აგვისტოში ვირუსი ჩვენს 106 თანამშრომელს დაუდასტურდა. მე რეგიონალური პანდემიის მენეჯერი ვარ, თამთა კვეკვესკირი და მარიამ გურგენიშვილი თბილისის ოფისების პანდემიის მენეჯერები, ნატალი კოლოტაური და სალომე ცირეკიძე მათი შემცვლელები, ანა ჩაკვეტაძე ქუთაისის ოფისის პანდემიის მენეჯერია, თამარ ფონიავა — მისი შემცვლელი, ქეთი ხუჭუა კი, ბათუმის ოფისის პანდემიის მენეჯერი გახლავთ.

პანდემიის მენეჯმენტის წევრები ეიჩარ და ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან და თავიანთი ძირითადი საქმიანობის პარალელურად წარმატებით ითავსებენ პანდემიის მართვის ფუნქციას; მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში კომუნიკაცია მეგობრული, საქმის ეფექტურად შესრულებაზე ორიენტირებული და გამჭვირვალეა, თითოეული ჩვენგანისთვის სასიამოვნოა ერთად მუშაობა და იმის გააზრება, რომ თანამშრომლებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გუნდის საჭიროება კოვიდის გავრცელების ძალიან უსიამოვნო ფაქტმა გამოიწვია, ვცდილობთ, თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად გავამხნევოთ და ამისათვის მუდმივად ვეძებთ ახალ-ახალ მეთოდებს.

ქუთაისი-ბათუმის გუნდი

რა აქტივობებისა და ღონისძიებების გატარება დასჭირდა პანდემიის გუნდს აქამდე? გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

  • ლოქდაუნის პერიოდში, რამდენიმე დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, რეკორდულ დროში გადავიყვანეთ თანამშრომელთა უმრავლესობა სრულად დისტანციურ რეჟიმზე;
  • ოფისები ახალი კოვიდ რეგულაციების მიხედვით გავმართეთ, დღემდე მკაცრად ვახდენთ წესების მონიტორინგს;
  • სიმპტომის მქონე თანამშრომლებისათვის უზრუნველვყოფთ ტესტირებას;
  • საჭიროების შემთხვევაში აქტიურად ვშუამდგომლობთ დაზღვევასა და თანამშრომლებს შორის;
  • უზრუნველვყოფთ კოვიდ დადასტურებული თანამშრომლების კონტაქტების მოძიებასა და მათ ტესტირებას;
  • რეგულარულად ვუწევთ მონიტორინგს ოფისების დეზინფექციას;
  • გარკვეული პერიოდულობით ვუზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას როგორც ქვეყნის გუნდს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური გუნდის წევრებს, ვიღებთ მათ რჩევებს და ერთად ვნერგავთ ახალ სტრატეგიებს;
  • ახალ თანამშრომლებს ვუტარებთ კოვიდ პრეზენტაციის, ვუზიარებთ ინფორმაციას კოვიდ მენეჯმენტის შესახებ და ამომწურავად ვპასუხობთ მათ კითხვებს;
  • ბიზნეს მოგზაურობის შემთხვევაში, თანამშრომლებისათვის პისიარ ტესტირებას ვგეგმავთ;
  • მეიჯერელ საქართველოს ყველა კოვიდდადასტურებულ თანამშრომელს ვუგზავნით ვოლტის 240 ლარიან ვაუჩერს, კარანტინის პერიოდის შესამსუბუქებლად;
  • სრულად აცრილ თითოეულ თანამშრომელს, გადავცემთ ერთჯერად ბონუსს 300 ლარის ოდენობით;
  • ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სრულად აცრილი თანამშრომლებისათვის ჩავატარეთ ლატარია და არაჩვეულებრივი პრიზები გავათამაშეთ;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად, ჩვენი თანამშრომლებისათვის კოვიდ ვებინარი ჩავატარეთ, რომელზეც მოწვეულმა სპიკერმა — ექიმმა დავით ლოლაძემ დაწვრილებით ისაუბრა კორონავირუსისა და მისი გავრცელების საფრთხეების შესახებ და გაჟღერებულ შეკითხვებსაც უპასუხა.

როგორია გუნდის სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, აუცილებლად გავაგრძელებთ ზემოთ მოცემულ ყველა აქტივობას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს ვებინარები კოვიდის მართვისა და ვაქცინაციის თემებზე; ვებინარებზე მოწვეული სპიკერი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორი ლევან ისაუბრებს და დამსწრეთა შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხებს. გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს დაგეგმილია ლატარიის მეორე ეტაპი სრულად ვაქცინირებული თანამშრომლებისათვის, სადაც ამჯერადაც შესანიშნავ პრიზებს გავათამაშებთ.

დღეისათვის, მეიჯერელ საქართველოს 1211 თანამშრომელი სრულადაა აცრილი, ეს კი, ჩვენი გუნდის წევრების 47%-ს წარმოადგენს. ეს რიცხვი ყოველდღიურად იმატებს და ვიმედოვნებთ, ასეც გაგრძელდება. იმ დროს, როცა პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით უამრავ კომპანიას თანამშრომლების დათხოვნა მოუწია, ჩვენ 1400-ზე მეტი ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ და 3 ახალი პროექტი დავიწყეთ, სამუშაო პროცესი კი, არც ერთი დღით არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე, ჩვენი თანამშრომლების 70% დისტანციურად მუშაობს, ოფისებში კი, მხოლოდ დარჩენილი 30%-ია. ჩვენი მთავარი მისია, ერთი მხრივ, გუნდის წევრებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის დაუბრკოლებლად მიწოდებაა — სწორედ ამ საერთო საქმეს ვემსახურებით პანდემიის დაწყებიდან დღემდე.