რას გულისხმობს BPO – ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი?

BPO,  ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ერთი კომპანიის სახელით მეორე კომპანიის მიერ გარკვეული სახის სამუშაოს შესრულებაა. BPO პარტნიორობის ისეთი ფორმაა, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მჭიდრო საქმიან ურთიერთობას მოიაზრებს. ამ პრაქტიკის დროს, ერთი ორგანიზაცია მეორესთან თანამშრომლობას კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად იწყებს და უფლება-მოვალეობების ნაწილს უზიარებს.

დღეს BPO იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ ამ პრაქტიკას უკვე ყველანაირი სპეციფიკის მქონე ორგანიზაცია მიმართავს. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს:

  • გაზარდონ საოფისე, სასაწყობე საქმიანობისა და წარმოების ეფექტურობა;
  • მოახდინონ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია;
  • მაქსიმალური რესურსი დაუთმონ საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს;
  • შეამცირონ ხარჯები;
  • გამოიყენონ საზღვარგარეთის ბაზარზე არსებული უპირატესობები.

 Young Call Center Team Talking With Customers

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როდის მიმართავენ კომპანიები BPO-ს?

როგორც წესი, ორგანიზაციები ბიზნესპროცესების აუთსორსინგს 2 მიმართულებით იყენებენ: ბექ-ოფისისა და ფრონტ-ოფისის საქმიანობის შესასრულებლად. ბექ ოფისის საქმიანობა ბუღალტერიას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ადამიანურ რესურსებს, ხარისხის უზრუნველყოფასა და ფინანსებს მოიცავს. ფრონტ-ოფისის ნაწილი კი, მომხმარებელთან ურთიერთობის მომსახურებაზე, მარკეტინგსა და გაყიდვებზეა პასუხისმგებელი. BPO-ს გამოყენების მიზანი ყოველთვის ხარჯების შემცირება არ არის, ხანდახან, მთავარი სტიმული დანახარჯების პროგნოზირებადობა და კონტროლია.

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კომპანიები რამდენიმე ტიპის მიხედვით შეგვიძლია დავყოთ:

  • Onshore — როდესაც ორგანიზაცია სერვისების მიმწოდებელს იმავე ქვეყანაში ქირაობს, სადაც თვითონ იმყოფება.
  • Nearshore — როდესაც ორგანიზაცია BPO კომპანიას მეზობელ ქვეყანაში ქირაობს.
  • Offshore — როდესაც ორგანიზაცია სერვისის მიმწოდებელს სხვა ქვეყანაში ქირაობს.

ახლა, როდესაც ვუპასუხეთ კითხვას, თუ რა არის BPO, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის გამოყენება კომპანიისათვის ზრდის რეალური შესაძლებლობაა. სწორედ BPO-ს დახმარებით მიიღწევა: ხარჯების მინიმიზაცია, მოქნილობა, წვდომა მრავალფეროვან უნარ-ჩვევებთან, დროის დაზოგვა და პროდუქტიულობა.