მრავალი წელია, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები აქტიურად მიმართავენ, თუმცა, საქართველოში ამ სფეროსთან დაკავშირებით უამრავი კითხვა თუ მითი არსებობს; სწორედ BPO-ს (Business Process Outsourcing) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მცდარი წარმოდგენების დამსხვრევა დაისახა მიზნად მეიჯერელ საქართველომ, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და არაერთ საერთაშორისო ბრენდს, სხვადასხვა ტიპის სერვისებს სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში ვიზუალურად დასამახსოვრებელი 3 ვიდეორგოლი გამოჩნდა, ანიმირებული პერსონაჟებითა და მარტივად გასაგები შინაარსით. წარმოდგენილი პერსონაჟები მეიჯერელის ნამდვილი თანამშრომლები არიან, ვიდეორგოლებში ნაჩვენები საგმირო მისიები კი – ამ ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

მერი ამირანაშვილი მეიჯერელ საქართველოს თანამშრომელი და ყოველდღიურობის ერთ-ერთი უხილავი გმირია. კომპანიის საქმიანობის შესახებ დღეს, სწორედ მერი გვიამბობს.

-მოგვიყევი, როგორ და როდის დაიწყე მუშაობა მეიჯერელ საქართველოში?

— ხშირად ვამბობ, რომ მეიჯერელში მუშაობა შემთხვევით დავიწყე: უბრალოდ მეგობრის რეკომენდაციას ვენდე და რეზიუმე გამოვაგზავნე, ისე, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, რას საქმიანობდა კომპანია. იმ პერიოდში სულ სხვა მიმართულებით ვიყავი დასაქმებული, თუმცა, როდესაც მეიჯერელმა კონტენტ მოდერატორის პოზიცია შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. კომპანიას 2020 წლის ივნისში შემოვუერთდი.

— რა ტიპის სამუშაოს ასრულებ ყოველდღიურად, როგორც კონტენტ მოდერატორი? 

— თითქმის  ყველა ადამიანი ფლობს ანგარიშს სოციალურ მედია ქსელებში და აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი თავი, სათქმელი ან გამოიყენოს ესა თუ ის პლატფორმა დაგაავრცელოს კონკრეტული იდეოლოგია. ზოგი ადამიანი ამ პლატფორმებს საგანმანათლებლო, გასართობი და საინფორმაციო მიზნით იყენებს. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანები და ჯგუფებიც, რომლებიც სოციალური ქსელით ბოროტად სარგებლობენ. ჩემი მიზანია, შევაფასო თითოეული კონტენტი და გადავწყვიტო, არღვევს თუ არა ის პლატფორმის წესებს. მე და ჩემი კოლეგები, კამპანიის პერსონაჟების მსგავსად, პატარა სუპერგმირები ვართ და ადამიანებს დეზინფორმაციისადა ძალადობრივი კონტენტისგან ვიცავთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ყურადღებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. გარდა ამისა, ყოველდღიურობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სიახლეების გაცნობაა – თანამედროვე და ცვალებად სამყაროში ჩვენც მუდმივად განახლებულ ინფორმაციას უნდა ვეცნობოდეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ვეცადოთ, არაფერი დაგვრჩეს უყურადღებოდ.

 -რამდენად ახლოსაა შენი წარსული გამოცდილება იმასთან, რასაც დღეს მეიჯერელ საქართველოში აკეთებ? 

— მეიჯერელში აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილებით მოვედი – ბიზნეს ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. მუდმივად ახლის ძიებაში ვარ და ეს სამსახურიც უფრო მეტი, მრავალფეროვანი გამოცდილების დაგროვებაში მეხმარება, რაც საბოლოოდ იმ პროფესიის არჩევაში მიწყობს ხელს, რომელიც ყველაზე მეტად დამაინტერესებს. სამსახურის პარალელურად, უამრავი გატაცება მაქვს – ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ხატვა და ხელოვნება, დაინტერესებული ვარ ცოცვითა და მეკლდეურობით.

— შენი პერსონაჟი, კამპანიის ვიდეორგოლში, ბულინგის მსხვერპლ მომხმარებელს ეხმარება. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები შენს ყოველდღიურ სამუშაო რეალობაში? 

— სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ბულინგის ფაქტები ძალიან ხშირია; რამდენიმე წლის წინ, თუკი თქვენს შვილსა თუ ახლობელს ვინმე სამსახურში ან სკოლაში აბულინგებდა, მათი „კოშმარი“ სახლში მოსვლისას მთავრდებოდა. ახლა კი, ყველას უწყვეტი წვდომა აქვს ინტერნეტთან, ბავშვები და მოზარდები დღის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს სმარტფონებთან, სოციალურ ქსელებში ატარებენ, შესაბამისად, როგორც სიკეთის კეთება გახდა უფრო მარტივი, ასევე გამარტივდა ბულინგიც. დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი, მოზარდებსა და ბავშვებზე, უმძიმესი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათი დაცვა არასასურველი კონტენტისა თუ უკუკავშირისაგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამას ჩემს კოლეგებთან ერთად კარგად ვაცნობიერებ.

— რამდენად სტრესულია ყოველდღიურად ნეგატიური კონტენტის მოდერაცია და რა გეხმარება იმაში, რომ საქმეს თავი წარმატებულად გაართვა? 

— გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სამუშაო ნამდვილად არაა მარტივი, თუმცა, არ არსებობს სამსახური სტრესის გარეშე. საბედნიეროდ, უამრავი ჰობი და ინტერესი მაქვს, რომ თავისუფალ დროს გული გადავაყოლო. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი ისეთი განიტვირთვის საშუალება ჰქონდეს, რომლითაც საკუთარ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს გახდის. გარდა ამისა, მეხმარება იმის გააზრებაც, რომ ერთი მთლიანის ნაწილი ვარ და ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ადამიანებს ვეხმარები.

— რა ემოცია გამოიწვია შენში საკუთარი თავის კამპანიის გმირად ხილვამ?

— ძალიან გამიკვირდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თან უზომოდ გამიხარდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და თუ აქამდე ამის შესახებ არავინ იცოდა, ახლა ბევრი გაიგებს.