თუ მეიჯერელ საქართველოს პირველი ციფრული კამპანია ჯერ არ გინახავთ, წინ ანიმირებულ გმირებად გაცოცხლებული რეალური თანამშრომლების გაცნობა გელით; “მეიჯერელის გმირები” სწორედ კომპანიის გუნდის წევრების ყოველდღიურობაზე, სამუშაო პროცესსა და იმ მარტივ თუ საკმაოდ რთულ მისიებზე გვიყვებიან, რომლებსაც ისინი წარმატებით ართმევენ თავს. სოციალურ არხებში გავრცელებულ ვიდეორგოლებში სამ განსხვავებულ პერსონაჟსა და მათ მიერ გადაჭრილ სხვადასხვა ტიპის სირთულეებს ვხვდებით, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს კომპანია საკუთარ მომხმარებლებს. კრეატიულ სააგენტო ვინდფორსთან ერთად, მეიჯერელ საქართველომ საკუთარი საქმიანობის შესახებ არსებული მითების გაფანტვა და საზოგადოებაში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის შესახებ, ცნობიერების ამაღლება დაისახა მიზნად.

დღეს მორის ხაჩიძეს გაგაცნობთ — ერთ-ერთი ვიდეორგოლის მთავარ გმირსა და მეიჯერელის ყოველდღიურობის უხილავ გმირს.

— როგორ დაიწყო შენი გზა მეიჯერელში? 

— მეიჯერელის გუნდს 2019 წლის მაისში შემოვუერთდი და მჯეროდა, რომ აქ განვითარების რეალური პერსპექტივა დამხვდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ გუნდის წევრი გავმხდარიყავი და საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინებიც გამართლდა.

— როგორია შენი ერთი დღე სამსახურში, რა არის შენი ყოველდღიური საქმიანობა? 

— ჩემი ყოველდღიური საქმიანობა არა მხოლოდ ადამიანებისათვის პრობლემების მოგვარება, არამედ მათი დამშვიდება და დაიმედებაცაა. ხშირად მომხმარებლები გაღიზიანებულები არიან და სწორედ აგენტზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით დასრულდება დიალოგი. მე ერთ-ერთი უმსხვილესი e-commerce ბრენდის მომხმარებლებს ვუწევ დახმარებას და ამას სხვადასხვა არხის მეშვეობით ვაკეთებ. ბუნებრივია, არ არსებობს დაწერილი სცენარი, რომელსაც მივყვები, ყოველი შემთხვევა განსხვავებულია და ყოველი მომხმარებელი, უნიკალური. შესაბამისად, მეც სიტუაციიდან გამომდინარე მიწევს გამოსავლის მოფიქრება. მე და ჩემს კოლეგებს დღეში 8 საათის განმავლობაში გვიწევს ადამიანების რთული და მრავალფეროვანი პრობლემების მოსმენა, ამ შემთხვევების დამუშავება, აღწერა, გამოსავლის ძიება – ეს საკმაოდ რთული და ხშირად სტრესული ამოცანაა, რომელსაც თავს წარმატებით მხოლოდ დიდი შრომის შედეგად ვართმევთ.

— რა გეხმარება, რომ ყოველდღიურად მოწოდების სიმაღლეზე იყო და კამპანიის გმირის მსგავსად, დაკისრებულ მისიებს გაუმკლავდე? 

— სადაც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში, მე ვარ საკუთარი თავი — ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს კომუნიკაცია, სიამოვნებას ანიჭებს ადამიანური ურთიერთობები და საუბარი. გარდა ამისა, გარემო და საზოგადოება, რომელიც მეიჯერელში დამხვდა, ნამდვილად მეხმარება სამუშაო პროცესის გახალისებაში; ვფიქრობ, ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე ამ სფეროში მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა — ზარიდან ზარამდე შუალედში კოლეგებთან საუბარი, ხუმრობა და იმედი, რომ ნებისმიერ რთულ მომენტში აუცილებლად დაგეხმარებიან, ზუსტად ისაა, რაც მოტივაციით ავსებს თითოეულ ჩვენგანს.

— რა ემოცია გამოიწვია შენში საკუთარი თავის კამპანიის გმირად ხილვამ?

ძალიან გამიკვირდა, რომ ვიდეორგოლების ერთ-ერთი გმირი, სწორედ მე გავხდი და კამპანიისთვის საინტერესო პერსონაჟი აღმოვჩნდი.  რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ, ამავდროულად, საპასუხისმგებლო სიახლე იყო. არ ვფიქრობ, რომ გმირი ვარ – მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ, რომლის ყოველდღიურობაც სხვების დახმარებაა და ამ საქმეს დიდი სიამოვნებით აკეთებს. როდესაც ჩემი პერსონაჟის ფოტო მეიჯერელის სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ერთ-ერთი თანამშრომელის გამოხმაურება ასეთი იყო:

“ჩვენ ყველა მორისები ვართ” და მსურს, მას დავეთანხმო. ჩვენს საქმიანობაში სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი ერთად, ერთმანეთი ვართ,  ჩვენ “მეიჯერელის გმირები“ ვართ.